რეგიონი
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტი დაამტკიცა
აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესის" გვერდზე გავრცელდა. "დღეს აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი განიხილეს. მთავრობის წარმომადგენლებმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და თავდაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენელთა, ასევე უშიშროების საბჭოს თანხმობით, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი ხელმოსაწერად აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს წარედგინა,"- ნათქვამია „აპსნიპრესის“ გვერდზე. ხელშეკრულება სახელმწიფო საზღვრების ერთობლივ დაცვას და გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მეთაურიც რუსეთის, მოადგილე კი აფხაზეთის წარმომადგენელი იქნება. ხელშეკრულების მიხედვით რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს. ცნობისთვის, რუსეთმა აფხაზეთს „ერთიანი ჯარის“ შექმნა შესთავაზა. კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის „პარლამენტში“ შევიდა, ითვალისწინებს რუსულ-აფხაზური საჯარისო ნაწილების და მართი მართვის ორგანოების შექმნას. ის ასევე ითვალისწინებს, საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას და „საზღვრის“ კონტროლის ერთობლივ განხორციელებას.
Print