რეგიონი
არტურ გაგულია: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი თავად საქართველოს აყენებს ზიანს
ევროკავშირის საქართველოს მიმართ გაკეთებული ,„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონთან დაკავშირებული მოთხოვნები, უმნიშვნელო გავლენას ახდენენ საერთო პოლიტიკურ სურათზე, რადგან თვით ეს საკანონმდებლო აქტი არ შეესაბამება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ფაქტიურ სინამდვილეს, თვლის თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს ევროპის, აშშ-ის და კანადის განყოფილების უფროსი არტურ გაგულია. საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ გადაადგილების თავისუფლების ძირითად პრინციპებს და  ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, აღნიშნა გაგულიამ.  აფხაზმა დიპლომატმა “ სპუტნიკ აფხაზიასთან“ საუბრისას თქვა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, ევროკავშირმა უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ლიბერალიზაციისკენ.  "როგორც ჩანს ევროპაში ესმით აღნიშნული კანონის იურიდიული უსაფუძვლობა, მისი ნეგატიური ზეგავლენა რეგიონში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი მოწოდებები მომავალში უფრო ხშირად გაჟღერდება", — განაცხადა არტურ გაგულიამ.  მისი თქმით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ის თავად საქართველოს აყენებს ზიანს, რადგან აფერხებს საქართველო - რუსეთის დიალოგს, ასევე „ართულებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უამისოდაც მძიმე ურთიერთობებს“. ევროკავშირი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში, მისი შერბილების მიზნით, ცვლილებების შეტანას მოითხოვს. კანონის პირველადი დარღვევისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები 400 ლარით დაჯარიმდებიან და აღარ დაექვემდებარებიან სისხლის სამართლებრივ დევნას. კანონის მეორედ დარღვევის შემთხვევაში — სასჯელის ზომას სასამართლო განსაზღვრავს.
Print