რეგიონი
გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას არ გამორიცხავს
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია თვლის, რომ გალის რაიონი ყველაზე მშვიდია აფხაზეთში, თუმცა ახალ საფრთხეებზეც საუბრობს, რასაც რუხში მშენებარე სამედიცინო ცენტრს უკავშირებს. როგორც ნადარაიამ ე.წ. ადმინისტრაციის მუშაობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „გალში ადამიანის გატაცების შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა“. „სერიოზულ საშიშროებას ადმინისტრაციული საზღვრიდან 5 კმ-ში, რუხში მშენებარე მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს. ცენტრის მიზანი არა მარტო მკურნალობა, არამედ საქართველოს სპეცსამსახურების პროპაგანდისტული მუშაობაა“, - აცხადებს ნადარაია. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ თუ საქართველოს მხრიდან მსგავსი ქმედებები არ შეწყდება, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებენ. ნადარაიამ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სრული დახურვაც არ გამორიცხა. გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით 2015 წლის 10 თვის მონაცემებსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, გალში 62 დანაშაული დაფიქსირდა. მათ შორის, ორი გახსნილი მკვლელობა, 4 ყაჩაღური თავდასხმა, ნარკოტიკებით ვაჭრობის 4 ფაქტი. დანაშაულთა უდიდესი ნაწილი, 49 ფაქტი ქურდობა და ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაა.
Print