რეგიონი
ზუგდიდის მერია „პატრიოტთა ალიანსს“ სიცრუეში ადანაშაულებს
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საპროტესტო აქციის გამართვასთან დაკავშირებით უწყების წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ აქციის წინააღმდეგი არაა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, უწყებაში აქციის ნებართვასთან დაკავშირებით ორგანიზაციის წერილი 12 ნოემბერს შევიდა, რაზეც ოფიციალური პასუხი გაიცა. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარ გაფრთხილებას. აღნიშნულზე ქალაქის მერია რაიმე სახის იფიციალურ ნებართვას არ გასცემს. იგი მხოლოდ ითანხმებს აქციის გამართვის ადგილს. ზემოაღნიშნულ წერილზე ქალაქის მერიამ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოახდინა რეაგირება, რაც გამოიხატა ოფიციალური წერილით საინიციატივო ჯგუფისადმი მიმართვაში, სადაც აღნიშნულია აქციის გამართვისათვის არსებული ყველა სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე.  შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მერია წინააღმდეგი არ არის, აქციის მსურველთა ნების  გათვალისწინებით, საპროტესტო აქცია გაიმართოს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში. რაც შეეხება კარვის გაშლას, მსგავსი მოთხოვნა აქციის ორგანიზატორებს წერილში არ დაუფიქსირებიათ“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის მერია კარვების გაშლასთან დაკავშირებით ნებართის გაცემის გაჭიანურებაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ მერიის ადმინისტრაციამ მათი წერილი უყურადღებოდ დატოვა. ალიანსის წარმომადგენლებმა შიმშილობის აქცია ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისში დაიწყეს.
Print