რეგიონი
"ზუგდიდის საკრებულო სუსტი საზედამხედველო ორგანოა" - კვლევის შედეგები (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ახალი კვლევის “ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემის შეფასება” პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც პრეზენტაციაზე ორგანიზაციის რეგიონულმა კოორდინატორმა არჩილ თოდუამ აღნიშნა, კვლევა სამი თვითმართველი ქალაქის - თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობის სხვადასხავა ასპექტს მოიცავს.

„კვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ ზემოხსენებული სამი ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ძლიერი მხარეები: ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკრებულოს ფუნქციების  მკაფიო გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე, ადგილობრივი ბიუროკრატიის უზრუნველყოფა ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსებით, გადასახადების ადმინისტრირების სფეროში მოქმედი გამჭვირვალე და მარტივი რეგულაციები, თუმცა პრობლემური საკითხები ამ სფეროშიც არსებობს.  კვლევამ გამოავლინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაც: სამივე მუნიციპალიტეტში საკრებულო საკმაოდ სუსტი საზედამხედველო ორგანოა და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი მათი დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. ადგილობრივი ბიუროკრატიის მართვის და დამოუკიდებლობის მხრივ არსებულმა მდგომარეობამ სამივე მუნიციპალიტეტში ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა, რადგან საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებლობა პოლიტიკური პროცესებისგან უზრუნველყოფილი არ არის. ადგილობრივი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გათანაბრებითი ტრანსფერი შეადგენს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსურ დამოუკიდებლობას ამცირებს. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების ურთიერთქმედების მექანიზმები სუსტია. ადგილობრივი ხელისუფლება სამივე მუნიციპალიტეტში უმოქმედოა საზოგადოებაში ანტიკორუფციული ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. უმეტესწილად არაეფექტიანია სამოქალაქო სექტორიდან წამოსული სოციალური ანგარიშვალდებულების ინიციატივებიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ურბანულ საკითხს ეხება“, - ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, ორგანიზაციამ სამივე უწყებისთვის შესაბამისი რეკომენდაციებიც შეიმუშავა.


Print