რეგიონი
სამეგრელოში 1000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ საგანგებო შტაბის გაფართოებულლი სხდომა ჩაატარა, რომელსაც რეგიონში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები, გამგებლები, მერები და გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

გუბერნატორმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარების შესახებ. 

რეგიონის მასშტაბით ყველა ცენტრალური, სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები გაწმენდილია. გუბერნატორის დავალებით დამატებითი სპეცტექნიკა დღეს ჩხოროწყუს და წალენჯიხის იმ მაღალმთიანი სოფლების შიდა გზებს გაწმენდს, სადაც აქამდე პრობლემა იყო. მოძრაობა მესტიის მიმართულებით უახლოეს საათებში აღდგება, ამ დროისთვის ინტენსიურად იწმინდება ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი.

გუბერნატორმა დიდთოვლობის გამო დაზიანებულ სახლებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თითოეულ დაზარალებულ ოჯახს ხელისუფლება დაეხმარება. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, გამგეობა მათ ახალ სახლებს აუშენებს.

რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე ბოლო მონაცემებით 1000-მდე აბონენტია დარჩენილი, რომელთა 70 პოროცენტს 17 საათამდე ელექტრომომარაგება აღუდგება, დანარჩენ აბონენტებს კი  ელექტროენერგია დღის ბოლომდე ჩაერთვებათ. აღდგენით სამუშაოებზე ინტენსიურად მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები.გუბერნატორის ინფორმაციით, გაზმომარაგებასთან დაკავშირებით რეგიონში პრობლემა არ არსებობს.

მხარის გუბერნატორმა გაწეული მუშაობისთვის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ შევძელით დროულად რეაგირება  მოგვეხდინა ყველა პრობლემაზე,რათა ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შექმნოდათ დიდთოვლობისგან“ - განაცხადა ლევან შონიამ.

Print