რეგიონი
საქართველოს გზებზე კვლავ შეზღუდვებია დაწესებული
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების - ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია 2 მონაკვეთზე.

ინტენსიური წვიმების შედეგად გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ70-კმ172 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ69 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა დროებითი შემოვლითი გზა, რის გამოც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

Print