რეგიონი
ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა და მფლობელმა კომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალსა და მფლობელ კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ შორის უთანხმოება ამოიწურა. დღეს ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს და „ბლოკ ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც მხარეებს შორის ურთიერთობის დროულ მოგვარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის.

შეთანხმების შედეგად,ექიმები მზად არიან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა კომპანიის მიერ დანიშნულ ახალ დირექტორთან ნოდარ ჩიქოვანთან.  მიღებული გადაწყვეტილებით, სამედიცინო მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს ყოფილი დირექტორი მადონა სართანია. ასევე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დარჩება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ მკურნალობა.

კობა ქანთარიას განცხადებით, საფრთხე ექმნებოდა პროგრამას, რომელიც არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი.

"ჩვენ შეგნებულად არ ვერეოდით მათ ურთიერთობაში, ვინაიდან ეს არის კერძო ობიექტი, მაგრამ ქალაქის და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე შევახვედრეთ ორივე მხარე, ვისაუბრეთ და მათ მიაღწიეს შეთანხმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.-განაცხადა მან.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის პროვაიდერია. ინფექციურ საავადმყოფოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 1 400-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.

უთანხმოება მედპერსონალსა და მფლობელ კომპანიას შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „ბლოკ ჯორჯიამ“ ინფექციურ საავადმყოფოში ახალი დირექტორი დანიშნა.

დაპირისპირებულ მხარეებს არაერთხელ შეხვდა გუბერნატორი ლევან შონია, რომელიც პრობლემის მოგვარებაში უშუალოდ იყო ჩართული.
Print