რეგიონი
ზუგდიდის ბაზრის წინ არსებულ გადასასვლელზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრები რუსთაველის ქუჩაზე, ბაზრის წინ, გამყოფ ბორდიურებს შორის და ჩხოუშის ხიდის დასაწყისში არსებულ ქვეითთა გადასასვლელელების გახსნაზე პასუხს ითხოვენ. მათთვის გაუგებარია, რატომ არ აუქმებს მერია ხიდზე არსებულ გადასასვლელს, რომელიც დროებით გაიხსნა.

"მერიამ გააკეთა მიწისქვეშა გადასასვლელი. გავეცით იჯარით და ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას. მეორეს მხრივ, არ ვაუქმებთ დროებით გახსნილ გადასასვლელს და ამით ხელს ვუშლით ბიზნესს. იქნებ ვინმემ გაგვარკვიოს რა ხდება", - აღნიშნა საკრებულოს წევრმა" ნაციონალური მოძრაობიდან" ბათლომე შელიამ.

მსგავის კითხვები აქვს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრს ლაშა ფარცვანიასაც.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე ბორდიურებს შორის არსებული ქვეითთა გადასასვლელი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს წერილის საფუძველზე გადაიკეტა. მათივე ცნობით, მიზეზი ქვეითად მოსიარულეთა მიერ გზაჯვარედინის გამტარიანობის შეფერხება გახდა. ხოლო, მდინარე ჩხოუშის ხიდის დასაწყისში ქვეითთა გადასასვლელის გახსნა შპს ,,ალიანსი"- ს დირექტორის განცხადებისა და საპატრულო პოლიციაში მათ მიერ შეტანილი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე მოხდა.

"შემდეგში მერიაში შემოსულია ქ. ზუგდიდის მოსახლეობის, სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსი"- ს არენდატორების, სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებისა და მგზავრების ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს 330 მოქალაქე აწერს, რითაც დროებითი საფეხმავლო გადასასვლელის მუდმივად დაკანონებას ითხოვს, რაზეც საბოლოო გადაწყვეტლება ჯერჯერობით ქალაქის მერიაში არ მიღებულა. ამჟამად მიმდინარეობს დაკვირვება ქვეითად მოსიარულეთა ნაკადზე და აღნიშნული საფეხმავლო გადასასვლელის არსებობის პრაქტიკულ აუცილებლობაზე, რის შემდეგაც ქალაქის მერია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას'', - განუცხადეს რადიო "ათინათს'' მერიაში.

ცნობისთვის, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "კოკა-კოლას შენობაში" არსებული მაღაზიების მოვაჭრეებმა რუსთაველის ქუჩაზე ბორდიურებს შორის არსებული ქვეითთა გადასასვლელის გადაკეტვა გააპროტესტეს, რამაც, მათი თქმით მყიდველების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.
Print