რეგიონი
ახალი ტარიფების ამოქმედებამდე აფხაზეთში იმპორტირებული საქონელი არ დაიბეგრება
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებმა დღგ- ს შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა გადადეს. "ახალი კანონის" თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან აფხაზეთში იმპორტირებულ საქონელზე დღგ დაწესდა, 10 % - იანი განაკვეთით. მეწარმეები ამ ფაქტს სამი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ე.წ. დეპუტატი ახრა კვეკვესკირი, წინააღმდეგობათა გადალახვის მიზნით, დღგ-ს შესახებ კანონზე მორატორიუმის დაწესების წინადადებით გამოვიდა, რასაც "დეპუტატების" ნაწილმა დაუჭირა მხარი.

დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ აღნიშნა, რომ "ამის გაკეთება არ შეიძლება".

"თუმცა რეალურად არსებობს წინააღმდეგობა დღგ-ს შესახებ კანონსა და საბაჟო კოდექსს შორის. პრეზიდნეტთან შეთანხმების შემდეგ, ორი დღის განმავლობაში ეს საკითხი განიხილება და კანონში შესაბამისი ცვლილებები შევა", - განმარტა მან.

მისივე თქმით, "სახელმწიფო საბაჟო სამსახური" დღეიდან შემოტანილ საქონელს დღგ-ით არ დაბეგრავს, თუმცა მკაცრ აღრიცხვას აწარმოებს.
"როდესაც კანონში დღგს - თან დაკავშირებული ცვლილებები შევა, საქონელი ახალი ტარიფებით დაიბეგრება", - თქვა ბგანბამ.

Print