რეგიონი
სოხუმის მტკიცებით, მოსკოვში ქართული ღვინოები აფხაზური ეტიკეტით იყიდება
დე ფაქტო აფხაზეთის "სახსტანდარტის" მტკიცებით, ქართული კომპანია ღვინოს დასახელებაში, რომელიც მოსკოვში იყიდება, აფხაზურ ტოპონიმებს იყენებს, ეტიკეტზე კი მითითებულია, რომ ღვინო აფხაზეთშია წარმოებული. ამავე ინფორმაციით, პროდუქტს, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთშია ნაწარმოები და რუსეთის ფედერაციაში ექსპროტირებული არ არის, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

"სახსტანდარტის" ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე კომპანია "ვინნი სტილი" შემდეგი დასახელების ღვინოებს სთავაზობს მყიდველს: "აპსნი გორ", "ვეჩერ ვ გაგრა", "დარი ლიხნი", "ლიხნი გორ" და "ტაინა რიცი" და მათ აფხაზურ პროდუქტად ასაღებს.

ამავე უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოდან აფხაზური ღვინის ექსპორტს კომპანია შპს "ბატონო" ახორციელებს, ხოლო რეალიზაციას რუსული სადისტრიბუციო კომპანია "ვინნი სტილი" აწარმოებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ქართული და რუსული კომპანიებისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, "სახსტანდარტი" მიიჩნევს, რომ "არსებული სიტუაცია ვნებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომელიც ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული".
Print