რეგიონი
მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება
მალთაყვაში ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გამოყოფილი 4 მილიონ 180 ათასი ლარიდან, 2016 წელს 2 მილიონ 680 ლარის სამუშაოები განხორციელდება.

მალთაყვის სანაპირო ზოლის  კეთილმოწყობის მიმდინარე  სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ და ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერეს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პირამიდა f r''-ის ფილიალი, პროექტირების შემდეგ, პირველი ეტაპის სამუშაოებს  ახორციელებს. მიმდინარეობს  პლაჟთან მისასვლელი გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

პროექტის მიხედვით, მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

პროექტის სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს.

Print