რეგიონი
"ტრანს ელექტრიკა": "ხაიშელების საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხები ისტორიულად მაღალია"
კომპანია "ტრანს ელექტრიკას" ხუდონჰესის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მზად აქვს და მასზე დადებით შეფასების მიღებისთანავე ინვესტორი ჰესის სამშენებლო ნებართვას ავტომატურ რეჟიმში მოიპოვებს.

კომპანიის ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა "ბიზნესკონტაქტთან" საუბარისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ინვესტორი ენერგეტიკის სამინისტროსგან გაფორმებული მემორანდუმის პირობებში აღებული გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ელოდება, რის შემდეგაც გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვები გაიმართება.

"მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის სექტემბერში სამინისტროსთან ახალი დოკუმენტაცია გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში არის ვალდებულებები, რომლებიც აქვს როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ისე - ჩვენ. ეს დეტალები საჯარო არ არის. ამჯერად გარკვეული საკითხების დაზუსტება მიდის და ენერგეტიკის სამინისტროს ველოდებით. ყოველ შემთხვევაში, მე მინისტრთან რამდენჯერმე ვისაუბრე, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს, ის მზად არის, მხოლოდ დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ჩვენი კანონმდებლობით მოთხოვნილი არ არის, მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ, რადგან საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება გვინდა", - განაცხადა მირცხულავამ და დასძინა, რომ ეს სამუშაოები საქართველოში არცერთ ანალოგიურ ობიექტზე არ ჩატარებულა.

რაც შეეხება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შეთავაზების შესახებ ხაიშის მოსახლეობასთან კომუნიკაციას , მირცხულავას განმარტებით, ეს პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს.

"ვერ გეტყვით, რომ ეს საჯაროდ ხდება, მაგრამ გარკვეულ ნაწილთან საუბარი უკვე მიდის. მიმაჩნია, რომ ის თანხები, რაც კომპენსაციისთვის არის გამოყოფილი, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და საუკეთესო კომპრომისი მოიძებნება", - განაცხადა მირცხულავამ.

შეგახსენებთ, რომ "ტრანს ელექტრიკას" პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. ინვესტიციის საერთო მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარია.
Print