რეგიონი
ლევან მებონია: "აფხაზეთი ორ წელიწადში შესაძლოა, შუქის გარეშე დარჩეს"
"ენგურჰესის" გენერალური დირექტორილევან მებონია არ გამორიცხავს, რომ თუ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება არ მოწესრიდგება, არ მოხდება გამრიცხველიანება და არ დაწესდება გადასახედები, რეგიონი ორ წელიწადში შესაძლოა, შუქის გარეშე დარჩეს.

ამის შესახებ მებონიამ აფხაზ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, "ენგურჰესის" ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას განცხადებით, თუ წელს ნაადრევი წყალდიდობა არ იქნა, წინასწარი პროგნოზებით, წყალსაცავში წყლის დონე 420 მეტრამდე დაიწევს, რის შემდეგ, ინსტრუქციის თანახმად, ტურბინების მუშაობა იკრძალება, რაც ელექტროსადგურის გაჩერებას ნიშნავს.

მან განმარტა, რომ ბოლო წლის მანძილზე ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთში მკვეთრად გაიზარდა და დღე-ღამეში 8 მილიონ კილოვატ - საათს მიაღწია. ხუბუას თქმით, ეს პრაქტიკულად მოხმარებული ელექტროენერგიის 100 პროცენტია.

ხუბუამ აღნიშნა, რომ მარაოსებრი გათიშვები მოსალოდნელ შედეგს არ იძლევა. მისი ინფორმაციით, იგეგმებოდა ხუთი მილიონ კილოვატამდე ელექტროენერგიის დაზოგვა, თუმცა,რეალურად, მხოლოდ ერთი მილიონი კილოვატ-საათის დაზოგვა ხერხდება.

აფხაზეთში 15 აპრილიდან ელექტროენერგიის გათიშვის მარაოსებრი სისტემა ამოქმედდა. "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს იყო იძულებითი ზომა, რაც ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკულ ზღვრამდე შემცირებამ გამოიწვია.

Print