რეგიონი
ვის უწესებს სავიზო რეჟიმს დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი ბგანბა რუსულ მედიას უცხადებს, რომ მთავრობა 1-ელი აპრილიდან იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ე.წ.რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიარეს, სავიზო რეჟიმს აწესებს.

"რუსეთის მოქალაქეები აქ ძირითადად დასვენების მიზნით ჩამოდიან, სხვა ქვეყნის მოქალაქეები კი აქ შეიძლება ჩამოვიდნენ, წლების განმავლობაში იმუშაონ და გადასახადები არ გადაიხადონ", - განმარტა მან.

ამ დრომდე არსებული კანონმდებლობით, დე ფაქტო აფხაზეთში შესვლის უფლება რუსეთის და დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ. ახალი კანონი კი ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლას, დროებით დარჩენას, ცხოვრებას და დასაქმებას დაარეგულირებს.

"ამ კანონის ერთ-ერთი პუნქტი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე კი აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება", - განაცხადა დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა და ნიკარაგუამ 2008 წელს აღიარა. 2009 წლის შემდეგ კი აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. თუმცა, ვანუატუმ რამდენიმე წლის წინ აღიარება უკან წაიღო.

Print