რეგიონი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" გახსნა
გიორგი კვირიკაშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" გახსნა. პრემიერ-მინისტრი კურორტზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა ადგილზე მობილიზებული თოვლის სატკეპნი ტექნიკა და კურორტის ადმინისტრაციული შენობა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,რომ "თეთნულდზე" ფუნქციონირებს ერთი სათხილამურო ტრასა, წლის ბოლომდე კი იგეგმება დამატებით 3 საბაგირო გზის ექსპლუატაციაში შესვლა. მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. მისივე ცნობით,იგეგმება, გაკეთდეს დამატებით საბაგირო, რომელიც სოფელ მულახიდან "თეთნულდის" ბაზას დააკავშირებს.

"ასევე აუცილებლად გაკეთდება ქუთაისიდან ცაგერი-ლენტეხის გავლით სვანეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან 2 საათის სავალზე "თეთნულდის" კურორტს დააკავშირებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

აქვე პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, გაკეთდება რამდენიმე სასტუმრო, რათა კურორტის განვითარებას ბიძგი მიეცეს.

პრემიერთან ერთად კურორტის გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
სამთო-სათხილამურო კურორტი "თეთნულდი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტში გადავიდა. ამ ეტაპზე კურორტზე არის 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, რომლის მშენებლობაც საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია "პომამ" უზრუნველყო. პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხადრაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თუთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. ასევე მთელი სეზონის განმავლობაში საბაგიროს მომსახურებაც უფასო იქნება.
როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, "თეთნულდი" ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება.

კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტ "თეთნულდზე" მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

Print