რეგიონი
„ამცახარა“: „გალში დაბრუნებული ლტოლვილები არ შეიძლება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებად ცნონ“
დე ფაქტო აფხაზეთში ოპოზიციურმა პოლიტიკური პარტიამ "ამცახარა" გალის რაიონში დაბრუნებული ლტოლვილების შესახებ განცხადება გააკეთა და წინადადებით გამოვიდა. "ამცახარა" მიიჩნევს, რომ უნდა იქნას მიღებული სპეციალური კანონი მათი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

"გალის რაიონში დაბრუნებული ლტოლვილები, არ შეიძლება ცნონ, როგორც უცხოეთის მოქალაქეები. ისინი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, რომლებიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდნენ. აფხაზეთის ხელმძღვანელობის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ხელს შეუწყობს ლტოლვილების აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციას, საფუძველს მოკლებულია. ამ კანონის პატრიოტული მიმართულებები არ გამართლდა და შედეგიც საპირისპირო იქნება. ასეთი ტიპის რთული სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება სპონტანურად, ურა-პატრიოტული ლოზუნგებისა და განცხადებების გამოყენებით. ისინი პოლიტიკური, სოციალური და ეთნიკური პრობლემების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ აუცილებელია შეიქმნას "საპარლამენტო" სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურისტებით, ეთნოგრაფებით და ისტორიკოსებით დაკომპლექტდება, რათა შემუშავდეს სპეციალური პროგრამა გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში დაბრუნებული ლტოლვილების ინტეგრირებისთვის.
Print