რეგიონი
ზუგდიდში "ფოტო-სინთეზ 2016"-ის რეგიონული ტურის გამარჯვებულები გამოავლინეს

ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ფოტო-კონკურსი „ფოტო-სინთეზ 2016 ’’-ის რეგიონული ტური, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა.

კონკურსი „საქართველოს ფაუნა-ფოტოგრაფია vs ნადირობა“ ბრაკონიერობის წინააღმდეგ საქართველოს მასშტაბით , პროექტ „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„ახალი თაობა ნადირობის იარაღად ირჩევს ფოტო აპარატს“-განაცხადა CENN-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა მაკა კოდუამ.

მსგავსი პროექტი ზუგდიდში მეორედ ჩატარდა, რომელშიც 50-მდე სკოლა მონაწილეობდა, მათ შორის რამდენიმე ოკუპირებული აფხაზეთიდან.

კომპეტენტურმა ჟიურიმ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებიდან სამ-სამი გამარჯვებული გამოავლინა,რომლებიც პროექტის ორგანიზატორების და სპონსორი კომპანიებისაგან ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ, კონკურსის ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.

გამარჯვებულები ეროვნულ ტურზე, ნიკო კეცხოველის სახელობის პირველი,მეორე და მესამე ხარისხის პრემიების მოსაპოვებლად 21 მარტს თბილისში გაემგზავრებიან.

ფოტოკონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
Print