რეგიონი
სენაკში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სენაკში, ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,სოზარ სუბარმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩასახლებაში არსებულ ყველა კორპუსს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უწყება მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩასახლების 25 კორპუსის სახურავებსა და იატაკებს გამოცვლის, გარდა ამისა განხორციელდება წყალკანალიზაციის სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს, რომლებიც კარატეს ეუფლებიან კიმონოები და სპორტული ინვენტარი ჩაუტანა. ჩასახლებაში არსებულ აფხაზურ სკოლაში არაერთი სპორტული წრე ფუნქციონირებს.

USAID-ის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო გასართობი კუთხეც მოაწყო. კერძო სექტორის ჩართულობით ასევე იგეგმება აფთიაქისა და ამბულატორიის მშენებლობა.

25 კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი წლების წინ დაიწყო, თუმცა ბინების სრულად დაკანონება მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

Print