რეგიონი
განმუხურელების ნაწილი ბულვარის გაყიდვის წინააღმდეგი არაა (ვიდეო)
დღეს განმუხურის ცენტრში მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა, რომლებიც სოფელში ინვესტიციის განხორცილებას მიესალმებიან და ბულვარისა და მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვაში პრობლემას ვერ ხედავენ. აქციის მონაწილეებს თან ბანერები ჰქონდათ წარწერით: "მთავრობამ გააჩუმოს ჩვენი მტრები", "განმუხურის მტრებო, ნუ აჩერებთ განვითარებას", "ჩვენ გვინდა ინვესტიციები" და სხვ.

"სოფელში ახალგაზრდები ცხოვრობენ, რომლებსაც დასაქმება სურთ. თუ ინვესტიციები შემოვა და მშენებლობები დაიწყება,ამაში ცუდი არაფერია. არ ვიცით ბულვარი იყიდება თუ რა, მაგრამ აქედან მიწას ხომ არავინ წაიღებს. "ნაციონალების" მიერ ატეხილი აჟიოტაჟი უადგილოა",- აღნიშნა განმუხურის მკვიდრმა ეკა შამახიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორის 33 951.00 კვ.მ,შენობა-ნაგებობებით, აუქციონის წესით იყიდება. საწყისი ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები აპროტესტებენ და აქციებით იმუქრებიან.

Print