რეგიონი
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები აღდგება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის შედეგად, მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე, რაც განსაკუთრებით პოზიტიურად შეფასდა როგორც თანათავმჯდომარეების, ისე მონაწილეთა მხრიდან.

„ ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მექანიზმის აღდგენა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას“.- ნათქვამია მიმართვაში.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ასევე დადებითად შეაფასეს პატიმრების გაცვლა, როგორც ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2016 წლის 14-15 ივნისს გაიმართება.

Print