რეგიონი
რუხში ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირება

დაიწყო სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელმა "გორგიამ".

დღეს "გორგიას" ფილიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და კომპანიის დირექტორმა გია გორგოშაძემ გახსნეს.

"მიხარია, რომ აფხაზეთთან ძალიან ახლოს გაიხსნა ჰიპერმარკეტ "გორგიას" ფილიალი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს, დაბალ ფასად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეიძინონ პროდუქცია, რომელიც მათ ოჯახებს სჭირდებათ. "რუხის მოლი" არ არის მხოლოდ სავაჭრო ცენტრი, ეს არის ახალი ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობა ჩვენს აფხაზ მეგობრებთან" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჰიპერმარკეტის გახსნაზე.

რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე 300 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა.

რუხის სავაჭრო ცენტრის პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა. ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა.

 

Print