რეგიონი
სოხუმი: კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი მისაღები ფორმატი - ჟენევის დისკუსიებია
დე ფაქტო აფახაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არაოფიციალურ დონეზე ჩატარებული ქართულ - აფხაზური შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ყურადღებით გავეცანით საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის გამონათქვამებს, რომელიც თვლის რომ მსგავსი შეხვედრები კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას უწყობენ ხელს. კერძოდ, მან მარტში წარმატებით ჩატარებული ტყვეების გაცვლა გაიხსენა. ზაქარეიშვილის აზრით, ეს შესაძლებელი ქართულ - აფხაზური არაფორმალური დიალოგის ფორმატში მუშაობის შედეგად გახდა", - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმი ამ აზრს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქართულ აფხაზური და ქართულ - ოსური კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი მისაღებ ფორმატი - ჟენევის დისკუსიებია. სხვა დანარჩენი შეხვედრები, კონფერენციები თუ სემინარები, მხოლოდ არაფორმალურ ხასიათს ატარებენ და სამოქალაქო სექტორის აქტივობების ფარგლებში იმართებიან, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისინი გავლენას არ ახდენენ.

ჟენევის ფორმატი, რომელშიც კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელი ოფიციალური მხარეები მონაწილეობენ, გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს, რუსეთისა და აშშ-ს შუამავლობით ტარდება.

Print