რეგიონი
ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

დღეს ანაკლიაში პორტის მშენებლობისა და განვითარების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში კურტ ტონგი, "კონტი ჯგუფის" ვიცე პრეზიდენტი ოლ ფორსი, „ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM“ -ის ფინანსური დირექტორი ზურაბ ფიჩხაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე ინვესტორებმა პორტის ტერიტორია დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ სამშენებლო სამუშაოების პირველი - მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პორტის განვითარების ეტაპებს, მოქალაქეების დასაქმებას, მუშახელის გადამზადებას, მოსახლეობის კომპენსაციის თანხას და სხვა საკითხებს.

ანაკლიის განვითარების პრეზენტაცია ზურაბ ფიჩხაიამ  წარადგინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა ლევან შონიამ იმ მოსახლეობის განსახლებაზე ისაუბრა, რომელთა სახლ-კარი პორტის ზონაში ექცევა.

"არც ერთი ადგილობრივი შესაბამისი კომპენსაციის გარეშე არ დარჩება" - აღნიშნა გუბერნატორმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირებაში, თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული „კონტი ჯგუფის“ მიერ ერთობლივად დაფუძლებულმა კომპანიამ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" გაიმარჯვა.

პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება და ის 7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე პრობლემური იყო.

კონსორციუმის წარმომადგენლების განცხადებით, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება 3400 ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ პორტში 6400 ადამიანი იმუშავებს.




Print