რეგიონი
სოხუმი: ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად საჭირო საშვებს ამიერიდან სხვა უწყება გასცემს
სოხუმში საზოგადოებრივი პალატის ინიციატივით, მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გაიმართა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, განხილვის საგანი აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესახებ კანონი იყო, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკაში 1 აპრილს შევიდა ძალაში.

რესპუბლიკური საზოგადოებრივი ორგანიზაციის "კიარაზაა" თავმჯდომარე დმიტრი დბარი თვლის, რომ კანონის მიღება ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. მან ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედება "დამღუპველ გავლენას მოახდენს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე". ის დარწმუნებულია, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადასალახად საჭირო საშვები უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გასცეს.

"პირველი აპრილიდან აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეთათვის ახალი გამშვები სისტემა ამოქმედდა, ამიერიდან საშვებს არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არამედ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს. მე ვთვლი, რომ ეს საფუძველშივე არასწორი გადაწყვეტილებაა. საგარეო უწყება ფლობს საკმარის ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველების შესახებ, მათი ან მათი ოჯახის წევრების აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. შეგიძლიათ წარმოდგინოთ რა შედეგები მოყვება ამას?", - თქვა დბარმა.

Print