რეგიონი
თეონა ქარდავა: საჯარო მოხელეები ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნოდ იყენებენ (ვიდეო)
კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი საქართველოდან" თეონა ქარდავა საჯარო მოხელეებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, 13 მაისს სოფელ კორცხელში წინასაარჩევნო შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის და ზუგდიდის საკრებულოების თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

"ამ საქმეს საოლქო საარჩევნო კომისიასა და სასამართლოში გავასაჩივრებთ და ამ ადამიანებს, ალბათ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებათ", - აღნიშნა ქარდავამ.

ადგილობრივ თვითმმართველობებში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ შეხვედრას არასამუშაო საათებში ესწრებოდნენ.

"პირადად მე ერთდღიანი შვებულება ავიღე და სრული უფლება მქონდა კორცხელში ვყოფილვიყავი", - ამობობს ზუგდიდის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდალინა თოდუა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის აპარატის თანამშრომელი დათო კოდუა კი ქარდავას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"დამიმტკიცოს, რომ სამუშაო საათებში ვიმყოფებოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ვუჩივლებ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან", - აღნიშნა კოდუამ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეების სამუშაო საათებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება ეკრძალებათ. ამ მუხლის დარღვევა 2000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

კორცხელში შუალედური არჩევნები 22 მაისს იმართება. ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის.

Print