რეგიონი
სოხუმში ConIFA - ს ჩემპიონატის პირველი თამაში გაიმართა
ConIFA - ს ჩემპიონატის პირველი მატჩი, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთისა და ჩაგოსის კუნძულების გუნდებს შორის შედგა, ანგარიშით 9:0 ტურნირის მასპინძლის სასარგებლოდ დასრულდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმის გუნდი მორიგ თამაშს 31 მაისს გამართავს.

არაღიარებული ქვეყნების საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატი ConIFA აფხაზეთში 29 მაისს დაიწყო. ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობს.

ჩემპიონატის ფინალი და დახურვის ცერემონია 5 ივნისს, სოხუმში "დინამოს" სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში ჩატარებული საფეხბურთო ტურნირის შესახებ კომენტარს აკეთებს. მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აფხაზეთში მიმდინარე არანაირ საფეხბურთო ტურნირს ლეგიტიმაცია არ ექნება.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკ აფხაზიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სოხუმში ფიფა-ს წარმომადგენლები აპირებენ ჩასვლას.

"სპუტნიკ აფხაზიას"ცნობით, სოხუმში 30 მაისს ფიფა-ს წარმომადგენლები ჩავლენ და დე ფაქტო სახელმწიფოების ჩემპიონატის მიმდინარეობას დააკვირდებიან.


Print