რეგიონი
ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობა დასრულდა
ხობის რაიონში განხორციელდა 220/110კვ ქვესადგურის მშენებლობა, რამაც ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გააძლიერა დასავლეთ რეგიონის მნიშვნელოვანი კვანძი - „ვარდნილჰესი-ზუგდიდი-მენჯი-ხორგა-ფოთი-ბათუმი“. "ხორგამ" ხელი უნდა შეუწყოს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდას, პერსპექტივაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურებიდან ახალი სიმძლავრეების გატარებას, ფოთის ინდუსტრიული ზონისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, გაზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში.

„მსგავსი პროექტების განხორციელებით საქართველო თავის ბუნებრივ რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ფუნქციას და დანიშნულებას უბრუნდება. ჩვენ ვიყავით და კვლავაც ვხდებით სატრანზიტო ხიდი, დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების ინტერესები და ეს საწინდარია ქვეყნის სწრაფად ფეხზე დადგომის, ეს ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა ქვეყნის უსაფრთხოების”, -განაცხადა კახა კალაძემ.

სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველის, სულხან ზუმბურიძის თქმით, „ხორგას“ მშენებლობა განხორციელდა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად. მანვე აღნიშნა, რომ ეს გეგმა მიზნად ისახავს სხვა მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციასაც. მათ შორის, მიმდინარე წელს დასრულდება ქვესადგურების: ,,მარნეული 500-ის" და ,,ქსანი 500-ის" აგრეთვე, ,,ახალციხე-ბათუმის“ დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილის, ხოლო 2017 წელს ჯვარი-ხორგას და ქსანი-სტეფანწმინდას დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობა.

„ხორგას“ მშენებლობა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, 2015 წლის ივლისში დაიწყო. პროექტი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 11,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „Siemens-ი“ აწარმოებდა. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.


Print