რეგიონი
თეა წულუკიანმა მიწის რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრები ზუგდიდიდან დაიწყო (ვიდეო)

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მოსახლეობას მიწის რეგისტრაცია უნდა გაუმარტივოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლებას პირადად გააცნო. ის გამგებლებსა და საკრებულოს წარმომადგენლებს მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების შესახებ დაწვრილებით ესაუბრა, რათა მომავალში მათ მოსახლეობისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ. შეხვედრას მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რესესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსი პაპუნა უგრეხელიძე და მხარის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ.

კანონპროექტი "მიწის რეგისტრაციის შესახებ", რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი ინიციატივა ძალაში ერთ კვირაში შევა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე ხდება. კერძოდ, თუ დღემდე მოქალაქე რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებს თავად აგროვებდა, კანონის ამოქმედების შემდეგ, პროცესში საჯარო რეესტრიც ჩაერთვება. ამასთან, იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მიწის რეგისტრაცია მოხდება. აღნიშნული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში უფასო იქნება.

გარდა ამისა, საკუთრების დადგენის ნაწილში, მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენა ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეეძლება, მათ შორის, სოფლის გამგებლებს. აგრეთვე, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტების ლეგალიზაცია, კერძოდ, გამოყენებული იქნება ფაქტების კონსტატაცია.

ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტაციაზე უარის მიზეზი დოკუმენტებში, მხოლოდ არსებითად მნიშვნელოვანი შეუსაბამობა იქნება.
Print