რეგიონი
მუშები კვლავ ხელფასის მოლოდინში არიან (ვიდეო)

ზუგდიდის ტროტუარზე ქვაფენილის დამგები მუშების ნაწილი მერიასთან შეიკრიბა. მათი თქმით, ფილების დამგებ კომპანია „ამი 2014“-ს მათთვის კუთვნილი ხელფასი ჯერ კიდევ არ ჩაურიცხავს.

“კაპიკი ფული არ აგვიღია. ჩვენს ბრიგადას ეკუთვნის ცხრა ათასი ლარი, ვიყავით მერიაში, საფინანსოშიც დაკითხვაზე, თუმცა ჯერ ყურადღება არავის მოუქცევია,“ -აღნიშნა პაატა ფაცაციამ.

მერიასთან მისულ მუშებთან ფრაქცია "ერთანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც" მივიდნენ. მათი განცხადებით, ქვაფენილებზე 60 ადამიანი მუშაობდა, აქედან მხოლოდ თორმეტმა აიღო ხელფასის ნახევარი.

"ენმ"-ს წევრის ანი წითლიძის თქმით, „ამი 2014“-ს ვიცე -მერი გია გულორდავა ლობირებდა და მან აღნიშნული კომპანიისგან 60 ათასი ლარი აიღო, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გაკოტრდა და მუშებისთვის ხელფასის გადახდა ვერ შეძლო.

„ჩვენ ვითხოვთ გაგვაცნონ, თუ რა ეტაპზეა საქმის ძიება,დაკითხული არის თუ არა ვიცე- მერი გია გულორდავა, ასევე გაგვცენ პასუხი რაში მონაწილეობს მერის ირაკლი გოგოხიას ძმა პაატა გოგოხია და რატომ ყიდულობენ მისგან ამ ფილებს გაცილებით მაღალ ფასად,“ - განაცხად მან.

"ენმ-"ს წარმომადგენელი ლევან კონჯარია მერიის მიერ მუშების მოტყუებაზე საუბრობს და ამ საქმის გამოძიების შედეგებს ელოდება.

ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილნი სამომავლოდ საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

ამ თემასთან დაკავშირებით მერიაში კომენტერს არ აკეთებენ.

ფილების დამგები მუშები კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავდნენ, მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ბოლოს კი ამ საქმეს სამართებლივი ფორმა მიეცა და ის შესაბამის უწყებებს ძიებაში გადაეცათ.



Print