რეგიონი
ნაკიფუს მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობამ წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

"გზა იმდენად არის გაფუჭებული, სოფელში, რომ ჩავიდეთ ორჯერ მეტი დრო გვჭირდება ვიდრე ეს საჭიროა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამის გამო ხშირად იგვიანებს", - აცხადებენ ისინი.

აქციის მონაწილეებს გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა შეხვდა. მისი განმარტებით, აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა, თუმცა უხარისხობის გამო მალე გაფუჭდა. მისივე თქმით, ამ საკითხზე პროექტი მომზადებულია და რეგიონული განვითარების ფონდიდან პასუხს ელოდებიან.

გამგეობაში არ გამორიცხავენ, რომ წალენჯიხა-ნაკიფუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყოს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და გზის მშენებლობის პროექტი დეტალურად გააცნეს. ამის შემდეგ ნაკიფუელებმა გზა გახსნეს და აქცია შეწყვიტეს.


Print