რეგიონი
რომში აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გაიხსნა
რომში დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც დიმიტრი გულიას სახელს ატარებს. ინსტიტუტის გახსნის ცერემონიას დე ფაქტო რეპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, მისი მოადგილე კან ტანია, „საფრანგეთში აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენელი“ ჯემილე დიუნდარი და „საგარეო უწყების“ საინფორმაციო განყოფილების უფროსი თენგიზ თარბა დაესწრნენ.

ახლადგახსნილი ინსტიტუტის მიზანი, საზღვარგარეთ აფხაზი ხალხის კულტურის, ტრადიციების და ისტორიის პოპულარიზაციაა.

ინსტიტუტის გახსნის ცერემონიის შემდეგ , ვიაჩესლავ ჩირიკბას პრესკონფერენცია და ასოციაციის „ევროპა-აფხაზია“ ოფისის ინაუგურაცია შედგა.

აფხაზური მედიის ინფორომაციით, აღნიშნული ასოციაცია პირველი ორგანიზაციაა, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს, ევროპაში ოფიციალურად აფხაზური პასპორტების გამოყენებით დარეგისტრირდა.

ამავე ღონისძიებაზე გაიმართა გაზეთ „აფხაზია სეგოდნია“ - ს პირველი ნომრის პრეზენტაცია, რომელიც აფხაზურ, რუსულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.

ღონისძიებას რუსეთის ფედერაციის, ვენესუელას ბოლივარიანული რესპუბლიკის დიპკორპუსების და იტალიის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. 


Print