რეგიონი
სენაკის რაიონში კირქვის მოპოვებას აპროტესტებენ
სენაკის მოსახლეობა სოფელ კოტიანეთთან კირქვის მოპოვებას აპროტესტებს და ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს.

საინიციატივო ჯგუფი "სამეგრელოს ეკოლოგიის დასაცავად" აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"სენაკის მოსახლეობა სოფელ კოტიანეთთან კირქვის მოპოვებას აპროტესტებს და სამთავრობო კომისიის შექმნას ითხოვს. საქმე ის გახლავთ, რომ ექსნაციონალი დეპუტატი, მცხეთა-თიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, ჩინელ ინვესტორთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირში, ცემენტის ქარხნის გახსნას აპირებს, ცემენტის მისაღებად საჭირო კირქვას კი, ნოსირიდან, დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარე სოფელ კოტიანეთთან, თავის დროზე დაკონსერვებული კარიერიდან მოიპოვებენ. სენაკელები ამბობენ, რომ სოფელში უკვე მუშაობენ ჩინელები და შემოსულია სპეცტექნიკა. მიუხედავად იმისა, რომ ცეზარ ჩოჩელმა 500 ადგილობრივის დასაქმების დაპირება მისცა ხელისუფლებას, მოსახლეობა შიშობს, რომ მათ სამუშაო ადგილებს არავინ მისცემს და სულ მალე სენაკში კიდევ ერთი ჩინური კვარტალი გაჩნდება.

საპარლამენტო არჩევნების წინ კირქვის კარიერისა და ცემენტის ქარხნის გახსნა, სენაკელებისთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ კარიერი, მოსახლეობიდან სულ რაღაც 500 მეტრითაა დაშორებული და ქარხნის მუშაობის უწყვეტი ციკლის შემთხვევაში, კირქვით დატვირთულ მანქანებს მოუწევთ სოფლის გზებზე მოძრაობა, რაც არა მხოლოდ შეაწუხებს მოსახლეობას და ეკოლოგიურ საფრთხეს შექმნის, გააჩანაგებს მათ ვენახებსა და ბოსტნებს. კარიერი რომ ამუშავდეს, მასიურად უნდა გაიჩეხოს ტყე, რაც გამოიწვევს ბუნებრივი წყაროების დაკარგვას. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი საფრთხეს ხედავენ, მაგრამ ზოგს დასაქმების იმედი აქვს, ზოგსაც სიჩუმის სანაცვლოდ 400-400 ლარს სთავაზობენ.

კოტიანეთის კარიერის ამუშავების მცდელობა ორჯერ იყო და ორივეჯერ სკანდალურად შეჩერდა. პირველად მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, როცა სოფელ ეკის მკვიდრმა, ტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ლაბორატორიის ინჟინერ-ლაბორანტმა ჯულიეტა ადამიამ მიმართა ხელისუფლებას და წარადგინა ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნა, სადაც ნათლად იყო ჩაწერილი, რომ რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტენიანობა ხელს უწყობს მდინარეთა ქსელების სიხშირეს, რის გამოც ეკის მთა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, თერმული, მინერალური და კარსტული მტკნარი წყაროებით. კარიერი და მისი მიმდებარე ტერიტორია კი, ფაქტობრივად, დგას ტბაზე და ხელოვნურად თუნდაც ერთი ლოდის ჩამოშლის შემთხვევაშიც კი - შეიძლება მთაზე ბუნებრივად უმართავი პროცესები დაიწყოს, რაც არამხოლოდ სენაკის რაიონს, არამედ, საერთოდ კოლხეთის დაბლობსაც დააზარალებს.

2014 წელს კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ დაიხურა კირქვის კიდევ ერთი კარიერი, რომელიც ასევე ექსნაციონალი დეპუტატის დემურ გადელიას სახელს უკავშირდება და საფრთხეს უქმნიდა კოტიანეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სამ ძეგლს - კოტიანეთის ციხეს, კოტიანეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და კოტიანეთის ციხის ნანგრევებს "არამიშ ნახორი", რომლებიც XVlll საუკუნით თარიღდება.

მოსახლეობა უნდობლობას უცხადებს ცეზარ ჩოჩელს და აცხადებს, რომ საჭიროა შესწავლილ იქნეს დღემდე არსებული ყველა დასკვნა, შეიქმნას სამთავრობო კომისია, პროცესში ჩაერთონ კომპეტენტური არასამთავრობო ორგანიზაციები, დაინიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და დაიცვან სამეგრელოს უნიკალური ბუნება განადგურებისგან!", - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.



Print