რეგიონი
მერმა მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრა გამართა
ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ მოსახლეობის ნაწილს მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გარდა ამისა, შეკრებილებს მშენებლობა-რეაბილიტაციის ამსახველი ვიდეომასალა უჩვენეს, რის შემდეგ დამსწრეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

მერის მისამართით დასმული კითხვები ძირითადად თეატრის და ყინულის სასახლის რეაბილიტაციას, პარკინგის საკითხს და მერიის შენობის მიმდებარედ არსებული შლაგბაუმის თემას შეეხო.

მოქალაქე როსტომ ზარანდიამ მერს ასევე ის დაპირება შეახსენა, რომელიც მერიის შენობის წინ შუა მოედანში მოწყობილ ავტოსადგომს ეხება. მან მერს უთხრა, რომ საჯარო მოხელეები ადმინისტრაციულ კანონს ყოველდღე არღვევენ. მერმა მოქალაქეს აღნიშნულ საკითხზე განუმარტა, რომ იქ ავტოსადგომი დროებით არის მოწყობილი. ზარანდიამ მერს, ასევე „მაკდონალდსა“ და მერიის შენობას შორის მოჭრილ მუხის ხეზე დაუსვა კითხვა.

„არ არსებობს სპეციალური კომისიის დასკვნის გარეშე ხე მოიჭრას. თუ გნებავთ გამოითხოვეთ ინფორმაცია და გაეცანით“, - უპასუხა მერმა.

რაც შეეხება, შლაგბაუმის საკითხს, რომელიც მოქალაქის თქმით, საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარამდე“ მისვლას და სამედიცნო მომსახურების მიღებაში უშლის ხელს, გოგოხიამ თქვა, რომ შლაგბაუმის პულტი აღნიშნულ სამედიცინო ცენტრს გააჩნია.

„თუ მაინცდამაინც მანქანით არ გინდა შესვლა, ფეხით არანაირი შეზღუდვა არ არის“ , -აღნიშნა მან შლაგბაუმის საკითხთან დაკავშირებით.

თეატრის რეაბილიტაციის თემაზე კი, მერმა განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარეობს.

„თეატრს 2018 წელს უსრულდება 150 წელი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დღეს თეატრი ღირსეულად შეხვდება".

მსგავსი შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვის ბოლოსაც გაიმართება.



Print