რეგიონი
ანაკლიაში ორმა მოქალაქემ მიწის ნაკვეთი დაიბრუნა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის სამართლებრივი დახმარებით,მოქალაქე თენგიზ ღვინჯილიამ საკუთრების უფლება სასამართლოს გზით აღიდგინა. ორგანიზაციის მიერ  გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ,რომ 2015 წლის 21 აპრილს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა – მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო რეგისტრაცია გააუქმა და საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს,დაზუსტებული სახით თენგიზ ღვინჯილიას საკუთრებად 2010 კვ.მ. ფართის დარეგისტრირება დაავალა.

"თენგიზ ღვინჯილიამ და ლევან კოკაიამ 2006 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მიწის ნაკვეთი შეიძინეს და საჯარო რეესტრში კანონის სრული დაცვით დაარეგისტრირეს. თენგიზ ღვინჯილიამ 2014 წელს საჯარო რეესტრის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა და კუთვნილ ნაკვეთზე საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოითხოვა. საჯარო რეესტრმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდება დაადგინა, რადგანაც 2009 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თენგიზ ღვინჯილიას მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრმა სახელმწიფოს საკუთრებად დაარეგისტრირა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ასევე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცველელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თენგიზ ღვინჯილიას სასარგებლოდ მიღებული განჩინება. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება"- ვკითხულობთ განცხადებაში.
Print