რეგიონი
სამეგრელოში "აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ ექსპედიცია მოეწყო
სამეგრელოში, პროექტის - „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ ფარგლებში, მე-3 ექსპედიცია მოეწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ექსპედიციის მონაწილეებმა უცნობი ტურისტული ადგილები შეისწავლეს, მათ შორის: სქური, კერნახონა, ყვირა, ქუაქანცალია (მოქანავე ლოდი) დადიანის მღვიმე. ისტორიული და ბუნების ძეგლების შესწავლის პარალელურად ექსპედიციის მონაწილეებმა საკარვე და საპიკნიკე ადგილები მონიშნეს.

ტურზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს წალენჯიხაში მდებარე მაცხოვრის ეკლესია, სამცაცხვი-ლესალეს ციხე და ინწრას ჩანჩქერი. ექსპედიციის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ტურისტულ ბიზნესში დასასაქმებლად ექსპერტები რეგიონის შესახებ დასკვნას მოამზადებენ. დამუშავებული ინფორმაცია პორტალზე www.travelgis.ge-ზე აიტვირთება. ვებგვერდზე ინფორმაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განთავსდება.

ექსპედიციის მიზანია სამეგრელოს, როგორც ტურისტული რეგიონის, ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა. პროექტზე „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი TravelGIS” და ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ მუშაობენ.

Print