რეგიონი
ინგირის აეროპორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა იჯარის უფლებით დაიწყო

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" ინგირის აეროპორტის

მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ხელმეორედ გამოაცხადა. ამჯერად, განახლებული პირობებით და შეთავაზებებით.

კერძოდ, გაერთიანება, ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი უძრავი ქონება მსურველს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადასცეს. გამარჯვებულმა კომპანიამ აეროპორტის მშენებლობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 6 თვეში უნდა დაიწყოს და 18-24 თვეში უნდა დაასრულოს.

კომპანია, რომელსაც გადაეცემა უძრავი ქონება დროებით სარგებლობაში ვალდებული იქნება საკუთარი ხარჯითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოს ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება. ასევე, ვალდებული იქნება მოახდინოს აეროდრომის, მათ შორის ასადრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების, საჰაერო ხომალდების სადგომის, ტერმინალის და სხვა დაკავშირებული ნაგებობების მშენებლობა.

მშენებლობა-რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდის აეროდრომმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ L410 – UVP – E ტიპის საჰაერო ხომალდის შეზღუდვების გარეშე მიღებისთვის (მომსახურებისთვის) აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

კომპანია ვალდებული იქნება ააშენოს ტერმინალი, რომელიც უზრუნველყოფს საათში არანაკლებ 40 (ორმოცი) მგზავრის გამტარუნარიანობას. ტერმინალი კი უნდა იყოს არანაკლებ 300 კვ.მ ფართობის ნაგებობა.

აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ინტერესთა გამოხატვა უკვე დაიწყო და წინადადებების მიღება მიმდინარე წლის მიმდინარე წლის 11 ივლისს დასრულდება.

ამასთან, კომპანიამ აეროპორტების გაერთიანებას ყოველთვიურად 3000 ლარი უნდა გადაუხადოს.

ცნობისთვის, პირველად ინგირის აეროპორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა ერთი თვის წინ გამოცხადდა, თუმცა ის არ შედგა.

 

Print