რეგიონი
გალში შერეული შეხვედრა დასრულდა (ვიდეო)

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში მიმდინარე რამდენიმე საათიანი შეხვედრა დასრულდა.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ბერაიას განცხადებით, განხილვის მთავარი საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის ე.წ. მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი იყო.

"დე ფაქტო ხელისუფლებისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მივაწოდეთ საგამოძიებო მასალები. ეს არის დნმ-ს ანალიზის შედეგები, ბალისტიკური ექსპერტიზის და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის. შესაბამისად ველოდებით მათგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას", - აღნიშნა ბერაიამ.

მისივე თქმით, აფხაზურმა მხარემ მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული შინა პატიმრობაში იმყოფება.

"ჩვენი რეაქცია ბუნებრივია იყო ადეკვატური და ხაზგასმით ავღნიშნეთ, რომ მათი ეს მიდგომა და რეაქცია ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა ბერაიამ.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, თავისუფალი გადადგილების შეზღუდვაზე და უკანონო პატიმარის გიორგი ლუკავას საკითხზე, რომელიც დრანდის ციხეში შეიარაღებული დაჯგუფების ჩამოყალიბების, მკვლელობისა და ადამიანის გატაცების ბრალდებით იხდის სასჯელს.

აღნიშნული ფორმატის მორიგი შეხვედრა 2 აგვისტოს ჩაინიშნა.

Print