რეგიონი
ზუგდიდში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ შეიქნა (ვიდეო)

ზუგდიდში, მშენებარე ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა, გუშინ, საღამოს საათებში, ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნო, რის გამოც, მათი თქმით, ისინი შეუძლოდ შეიქნენ. როგორც ამბობენ, მათ თავის ძლიერი ტკივილი და გულისრევის შეგრძნება აღენიშნებოდათ.

"დავრეკეთ 112-ში და გვითხრეს, არ არის საშიშიო და არ მოვიდნენ. მერე პატრული გამოვიძახეთ, მათაც დაურეკეს შესაბამის სამსახურებს - მაშინაც არ მოვიდნენ, იგივე პასუხი მოგვცეს - საშიში არ არისო", - ამბობს ზუგდიდის მკვიდრი ეკა ჟვანია.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" სათაო ოფისში აცხადებენ, რომ მოხდა მილებში დაგროვილი ჰაერის გაშვება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მათივე თქმით, მიმდინარე სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, მოსახლეობა რამდენიმე დღით ადრე დააუწყეს. 

ცნობისთვის, ტექნიკური სამუშოების გამო, ზუგდიდის მოსახლეობას 3 დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესი მილების შეცვლას უკავშირდება.




Print