სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზუგდიდში საჯარო შეხვედრა გამართა (ვიდეო)
17:24 / 08.07.2016
ზუგდიდში, გამგეობის სააქტო დარბაზში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
გენერალურმა
აუდიტორმა ლაშა თორდიამ სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა წალენჯიხის,
ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილისა და ფოთის მუნიციპალიტეტების
შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები წარმოადგინეს.
აუდიტის დეპარტამენტმა, 2009-2015 წლებში, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში
ბიუჯეტის ხარჯვა შეისწავლა, რომელიც 123 მილიონ ლარს მოიცავდა.
კვლევის მიხედვით, ბიუჯეტის დანაკარგმა 185 ათას ლარს
გადააჭარბა, რომელიც, ძირითადად, სანქციების გამოუყენებლობასა და
ადგილობრივ ბიუჯეტში მიუმართავი სახსრების ფაქტებზე გადანაწილდა.
არასათანადოდ დასაბუთებულმა ხარჯებმა კი 1 მილიონ ლარს გადააჭარბა.
მაგალითად, 2012-2013 წლებში ხობის პროფესიული სასწავლებლის ცენტრმა
აკრეტიდაცია ვერ მიიღო, მიუხედავად ამისა, ცენტრს ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 158 ათასი ლარი გამოეყო.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხარვეზებია ასევე შესყიდვებში,
ქონების მართვასა და კანკარგვაში, საფინანსო საქმიანობაში და სხვ.
საჯარო განხილვა "აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის"
პროექტის ფარგლებში წარიმართა. მიმდინარე წელს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურმა აუდიტის ანგარიშების საჯარო განხილვები უკვე გამართა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, კახეთში, გურიაში, ქვემო
და შიდა ქართლში, აგრეთვე რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში.
მასალის გამოყენების პირობები