რეგიონი
აფხაზურ ოპოზიციას 10 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლა სურს

ოპოზიციური ძალების ბლოკი შექმნილ ვითარებაში დე ფაქტო აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და აცხადებს,

რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ხელისუფლებამ ვერ უზრუნველჰყო პირობები, რომლებიც მოქალაქეებს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებას მისცემენ. ჩვენ ვთვლით, რომ რეფერენდუმის ჩატარება შემოდგომისთვის უნდა გადაიდოს...", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ. მან დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებლებს რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი უარს იტყვის ოპოზიციის მოთხოვნაზე, ისინი მზად არიან საერთო - სახალხო შეკრება მოაწყონ.

ადგილობრივი ტელევიზიით აფხაზი ოპოზიციონერების გამოსვლის შემდეგ, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ გადაიდება.

რაულ ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ოპოზიციური ძალების მოთხოვნას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. „ოპოზიციას სურს ჩაშალოს რეფერენდუმი, რადგან ის თავის გამარჯვებაში არ არის დარწმუნებული“, - დასძინა მან.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი სოხუმში ხვალ, 10 ივლისს ჩატარდება.


 

Print