რეგიონი
,,სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაცია რუხი მოლში გაიმართება
12 ივლისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მცხოვრებლებს ინოვაციური ბიზნესის
ხელშეწყობის ახალ პროგრამას „სტარტაპ საქართველოს“ გააცნობენ. შეხვედრა რუხის სავაჭრო ცენტრში 17 საათზე გაიმართება.

პრეზენტაციაზე დასწრების და პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია.

პროგრამა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა.

„სტარტაპ საქართველო“ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეა, თუმცა, არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები, ბიზნესის დაწყების შანსს აძლევს.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა იგეგმება.

გარდა ამისა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრენინგებს და საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის.

განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას იღებენ პროგრამის შესახებ.

პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. მას შეისწავლიან „სტარტაპ საქართველოს" და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კვალიფიციური ანალიტიკოსები და მოწვეული ექსპერტები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროექტის ინოვაციურობას, ბიზნეს-მდგრადობას და პერსპექტიულობას.




Print