რეგიონი
ზუგდიდში "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეჩერებული მშენებლობა გააპროტესტა (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობის მშენებლობის შეჩერება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და მას მერე არ გაგრძელებულა.

„მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა წინა ხელისუფლების დროს იყო გამოყოფილი, თუმცა 2013 წელს ახალმა გამგეობამ ეს თანხები გადაიტანა ხელფასებისა და პრემიებისთვის . 2014 წელს კი საკრებულომ შენობა შსს-ს გადასცა. არანაირი იმედი გაგრძელებისა არ არსებობს,“- აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანი წითლიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ  ლევან კონჯარიამ მოქმედი ხელისუფლება უნიათობასა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„მშენებლობა დაიწყო ჩვენს პერიოდში და ნათლად ჩანს თუ როგორ არის შეჩერებული, ეს არის დაკონსერვება, რაც გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ,“- განაცხადა მან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა კი პარტიის წევრების ბრალდებებს, 2013 წელს მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების გახარჯვასთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს.

რადიო "ათინათი" კომენტარისთვის ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებიათ.

Print