რეგიონი
პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“ განმუხურში
5 აგვისტოს, განმუხურში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის „შემოსაზღვრე საქართველო“ მესამე ეტაპი განხორციელდება. საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყება. ვაჟა-ფშაველას 155 წლისთავთან დაკავშირებით, ლექციას მწერალი მიხო მოსულიშვილი წაიკითხავს.

კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი ისაუბრებს.

დაგეგმილია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი“ ჩვენება, რომლის სცენარისტთან, მწერალ გურამ მეგრელიშვილთან ერთად დისკუსია მოეწყობა.
გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენები მოეწყობა, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა.

ღონისძიებები შემაჯამებელი კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მუსიკოსები მიიღებენ.

საზეიმო ღონისძიებებს განმუხურში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრებიან.

ა.წ 17 ივნისიდან - 23 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,შემოსაზღვრე საქართველო", რომლის ფარგლებშიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში (რუხი, დიცი, განმუხური და ნიქოზი ), არაერთი ღონისძიება გაიმართა.



Print