აფხაზეთიდან წამოსული ნანა კალესნიჩენკო ქართულ მხარეს დახმარებას სთხოვს (ვიდეო)
13:50 / 04.08.2016
აფხაზეთიდან დევნილი თამაზ ლაკირბაია ქართული ხელისუფლებისგან
დახმარებას ითხოვს. ლაკირბაიას განმარტებით, მისი
და, ნანა კალესნიჩენკო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიბადა და
ცხოვრობს, აფხაზი სპეცსამსახურების მხრიდან ზეწოლას განიცდის.
მისი თქმით, ამ მიზეზით კალესნიჩენკომ საქართველოს მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე გადმოსვლა და მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა. თუმცა,
ლაკირბაია ამბობს, რომ საზღვართან დის დასახვედრად მისულს ქართველმა
პოლიცილეებმა მას განუმარტეს, რომ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის
შემთხვევაში ნანა კალესნიჩენკოს 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის
გადახდა და 2 წლით პირობითი სასჯელის მოხდა დაეკისრებოდა.
მისივე ინფორმაციით, ნანა კალესნიჩენკომ ენგურის ხიდზე გადმოსვლა
გუშინ სცადა. ამის შესახებ ლაკირბაიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში
ისაუბრა, რომელმაც დახმარებისთვის ოპოზიციურ პარტიას მიმართა.
"ახლა ჩემი და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მას აქეთ -
ზუგდიდში შემოსვლა არ შეუძლია და ვერც უკან მიბრუნდება. შესაძლოა
მასზე უკვე ძებნაც იყოს გამოცხადებული", - აღნიშნა მან.
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისი ხელისუფლებას მიმართავს და
ნანა კალესნიჩენკოსთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას
ითხოვს.
" წინა ხელისუფლებამ, თამაზ ლაკირბაია, რომელსაც რუსულმა მხარემ
ქართველებთან კარგი ურთიერობის გამო დევნა დაუწყო, მიიღო ჩვენს
კონტროლირებად ტერიტორიაზე, მისცა ბინა და უზრუნველყო სამუშაო
ადგილით. დღეს მისი ძმის გამო მარიონეტული ხელისუფლება დევნის ნანა
კალესნიჩენკოს, რომელიც დედის გვარს ატარებს. ჩვენ ვითხოვთ
საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იქნას ქართულ მიწაზე", -
განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე
ლაშა დამენიამ.
გარდა ამისა, თამაზ ლაკირბაია გეგმავს დახმარებისთვის სახალხო
დამცველის აპარატს მიმართოს და უახლოეს დროში მის წარმომადგენელთან
შეხვედრას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები