რეგიონი
პოლიტიკურმა პარტიებმა დავით ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
რვა აგვისტოს ომში დაღუპულ დავით ჯიქიას ხსოვნას, დღეს პატივი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მიაგეს. ომში დაღუპული გმირის საფლავი მათ გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილის მშობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თენგიზ გუნავას თქმით, რუსეთ- საქართველოს ომის შედეგი იყო ძალიან მძიმე, ბევრი ღირსეული ადამიანი დაიღუპა, მაგრამ საქართველო გადარჩა ამ ომში და აგრძელებს ბრძოლას.

რვა აგვისტოს, საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმძიმესი თარიღი უწოდა "თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდტმა ირაკლი ჩიქოვანმა  და ომში დაღუპული ადამიანების მიმართ მადლიერება გამოხატა.

ადგილზე იმყოფებოდა ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა, მან დღევანდელი დღე შეაფასა, როგორც საქართველოსთვის უმძიმესი. 

ჯიქიას ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა საქრთველოს ისტორიაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

Print