რეგიონი
"ენმ": ზუგდიდში არსებულ დანაშაულებრივ ქმედებაში გუბერნატორი არის გარეული (ვიდეო)
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლმა ლელა ქებურიამ ბრიფინგი გამართა, სადაც დევნილმა ნატო კიკალიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ ვერ მიიღო 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი.

იგი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და აღნიშნულ ფაქტს მისი ძმის" ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტობას უკავშირებს. მისი თქმით, 2013 წელს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ შეტანილი განაცხადის პასუხად სარეიტინგო 7 ქულა მოუვიდა, თუმცა მაშინ 32 ექვს ქულიან ოჯახებს გადაეცათ საცხოვრებლები. მოგვიანებით კი, შვიდი ქულა საშემოსავლო ნაწილში ექვს ლარზე მეტის დაუფიქსირების გამო ექვსი ქულით შეეცვალა. ნატო კიკალიშვილი ბინების გადაცემის საკითხში არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობიდან დემოკრატიამდე“ წარმომადგენელის ქეთევან ჯობავას მონაწილეობაზე საუბრობს და იხსენებს იმ ფაქტს, რომ ჯობავამ მას ძმის "ენმ"-ის მხარდაჭერა და კორცხელის ინციდენტში მონაწილეობა შეახსენა.

ლელა ქებურიამ აღნიშნულ პრობლემაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას დააკისრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში არსებულ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაში გუბერნატორი არის გარეული. მან ლევან შონია რამდენიმე დღის წინ თაღლითობის ბრალდებით ზუგდიდში დაკავებულ ნანა შენგელიას და მაია ბეჭვაიას საქმეს დაუკავშირა. მისი თქმით, ქალბატონები დევნილებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ბინის მიღებაში დახმარებას დაჰპირდნენ.

„ თვითონ პროკურორმა, სასამართლოზე და საქმის მასალებში არსებული ჩანაწერის საფუძველზე დაასახელა, რომ ამ დევნილებისთვის ბინების გადაცემის საქმეზე დაკავებულ მანანა ბეჭვაიას არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი განცხადება და ასევე ბრალდებულ ნანა შენგელიას იმოწმებს, რომ გუბერნატორი არის მისი ახლო ნათესავი და ქრთამის აღება არ იყო საშიში.“

ლელა ქებურიას ბრალდებებს გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ უპასუხა. მისი განცხადებით, ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს და ცდილობს ლევან შონიასთვის იმიჯის შელახვას.

„ის ბრალდებები რაც დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერდა, არის მხოლოდ ცილისწამება, არ ემყარება ფაქტებს და მისი მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს გუბერნატორი, რომელიც წარმატებულია და რეგონისთვის სასიკეთო საქმეებს აკეთებს, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ისინი სწორედ ლევან შონიას უპირისპირდებიან. მოვუწოდებთ ისაუბრონ ფაქტებით წინააღმდეგ შემთხევევაში მათი საუბარი მხოლოდ ჭორაობაა, რომელსაც უკვე არავინ ენდობა“.

ბრალდებებს უარყოფს ქეთინო ჯობავა და აცხადებს, რომ ის იძულებით გადაადგილებულ პირს საერთოდ არ იცნობს და არც მსგავსი ფაქტი მომხდარა. ჯობავა ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილსაც გეგმავს.

იძულებით გადაადგილებული პირის და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე კომენტარს დევნილთა სამმართველოში მოგვიანებით გააკეთებენ.

სამმართველოს უფროს მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, ის იმ პერიოდში, რა პერიოდზეც ბრიფინგზე ისაუბრეს, უწყებაში არ მუშაობდა, შესაბამისად დეტალებს გაეცნობა და ბინის არ მიღების მიზეზებსაც განმარტავს.

Print