რეგიონი
მარტვილში მავნებლების წინააღმდეგ ქიმიური წამლობა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში მავნებლის - ბზის ალურას წინააღმდეგ მიმდინარე წამლობის ღონისძიებას დაესწრო.

სამინისტროს ცნობით, 1000 ჰა ფართობი თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და შესხურებით დამუშავდება, რაც გარემოსთვის უსაფრთხოა.

”საშიში მავნებლები მნიშვნელოვნად აზიანებენ მწვანე საფარს. შესაბამისად, პრევენციულ ღონისძიებებს და მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში დროულ რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დროულად განხორციელებული ფიტოსანიტარიული ღონისძიებების შედეგად, მოხერხდა უნიკალური ჯიშის კოლხური ბზის გადარჩენა, რომელიც ფაქტობრივად განადგურების პირას იყო”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლების საწინაააღმდეგო ღონისძიებებს მიზნობრივი ქვეპროგრამის - „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ახორციელებს.

”მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბზის ალურას, ამერიკული თეთრი პეპელას და არაფარდი პარკხვევიას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს. მავნებლების სალიკვიდაციო სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება”, - განმარტავენ უწყებაში.
Print