რეგიონი
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნება (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერიაში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ონკოპრევენციის ცენტრმა და ცენტრ ,,თანადგომამ’’, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიასთან თანამშრომლობით კონფერენცია ,,კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების გაძლიერება საქართველოში’’ გამართეს.

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების გამახვილება კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე, ამასთან, პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა (ოჯახის/სოფლის ექიმები და ექთნები) როლის გაძლიერება კიბოს კონტროლის ღონისძიებებში.

,,პროექტის მიზანი არის პირველი ჯანდაცვის როლის ჩართულობის გაზრდა კიბოს სკრინინგის თვალსაზრისით, ასევე, პროექტი მოიცავს მოსახლეობის საგანმანათლებლო ნაწილს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის შეხვედრას მოსახლეობასთან სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში“,- აღნიშნა თამარ კურტანიძემ
.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს ნაკლოვანებები, მაგალითად მასშტაბის გაზრდა, მათი თქმით, პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. რაც შეეხება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს, კერძოდ ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნება.

,,მნიშვნელოვანია მოცულობის მაჩვენებლის გაზრდა, კერძოდ, მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის, რათა რაც შეიძლება მეტმა მოსახლემ გაიაროს სკრინინგი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისათვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი სკრინინგ ცენტრი, რომელიც იქნება საქართველოში არსებული ყველაზე კარგი სკრინინგ ცენტრი შენობითა და აღჭურვილობით“,- აღნიშნა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ.

პროექტი 2015 წელს დაიწყო და წელს სრულდება. შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება მოიცავს პროექტის დასკვნით ანგარიშსაც. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები ესწრებოდნენ.


Print