რეგიონი
ვიაჩესლავ ჩირიკბა ფიქრობს, რომ „მეზობელთან საომარი ეტაპი სამუდამოდ უნდა დაიხუროს“
სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა. დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ჟენევის დისკუსიების მორიგი შეხვედრისგან პოზიტიურ შედეგებს ელოდება.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრებისა და ინიციატივების შედეგად, რეგიონში შესაძლებელი გახდება მშვიდობის დამყარება და ყველა კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა», – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ვიაჩესლავ ჩირიკბმამ აღნიშნა, რომ არსებობს საკითხები და კულტურულ მემკვიდრეობასთან, ეკოლოგიასთან, დაღუპულთა ნეშთების გადმოსვენებასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული თემები, რომელთა განხილვაც აუცილებელია.

„აფხაზური მხარის მთავარი ამოცანაა – დაარწმუნოს მსოფლიო საზოგადოებრიობა ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სახით, რომ აუცილებელია მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელთა შედეგად, სამუდამოდ დაიხურება საომარი ეტაპი ჩვენს მეზობელთან“, – აღნიშნა ჩირიკბამ.

თავის მხრივ, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ანტი ტურუნენმა აღნიშნა, რომ „ჟენევის ფორუმი, უპირველეს ყოვლისა, არის სივრცე, სადაც ნებისმიერი საკამათო საკითხი წყდება. შედეგებს ჩვენ ყოველთვის ვერ ვხედავთ, თუმცა ისინი საგრძნობნი არიან. მხარეთა დიალოგი გრძელდება - ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა“.

კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 37-ე რაუნდი, 4-5 ოქტომბერს გაიმართება.



Print